ოლაფ შოლცი - ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირებით და გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა
ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირებით და უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, ვიდრე უკრაინას დასჭირდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 200 კილომეტრში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს აწყობს თავის ჯარისკაცებს, ტანკებსა და რაკეტებს. ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალაუფლების ამგვარმა თამაშებმა! მოდით, ვიყოთ ურყევი უკრაინის მხარდაჭერაში – რამდენი ხანიც მას ეს დასჭირდება“, – განაცხადა შოლცმა.
შეგახსენებთ, მოსკოვში 9 მაისთან დაკავშირებული აღლუმი გაიმართა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები იმყოფებიან.