ოლაფ შოლცი - დასავლეთი არ აპირებს რუსეთში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლას, თუმცა პუტინს ჰგონია, რომ ეს არის ჩვენი გეგმა
დასავლეთი არ აპირებს რუსეთში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლას, თუმცა პუტინს ჰგონია, რომ ესაა ჩვენი გეგმა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ ოლაფ შოლცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ვინ რომელ სკამზე ზის, ამას ჩვენ არ ვწყვეტთ. ჩვენ ასევე არ ვგეგმავთ რეჟიმის ცვლილებას რუსეთში. პუტინს მოუწევს ცხოვრება ისე, რომ მის გვერდით არსებობს ევროკავშირი – ლიბერალური დემოკრატიების, ღია საზოგადოებების თანამეგობრობა და მას შეუძლია, გარკვეულწილად იმედი ჰქონდეს, რომ თავისუფლება არ არის ვირუსი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მისივე თქმით, ის გააკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რომ გერმანია უკრაინაში მიმდინარე ომში მხარედ არ იყოს ჩათრეული.
„ჩემი მიზანია ომის პრევენცია, ამიტომ უკრაინაში არ არიან გერმანელი სამხედროები და არც იქნებიან“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.