ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ დეტალურ გამოძიებამდე, პოლონეთში აფეთქების შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია
პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დეტალურ გამოძიებამდე ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, კარგი და სწორია, რომ ამ დილით, აქ ნატო-ს წევრები შეიკრიბნენ ძალიან სწრაფად, რათა განეხილათ სიტუაცია და ერთ-ერთი მკაფიო შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ არის ის, რომ ახლა საჭიროა რაკეტების ნაწილების შესწავლა. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს, შემდეგ კი საჯაროდ უნდა გამოცხადდეს შედეგები. დეტალურ გამოძიებამდე ასეთ სერიოზულ საკითხში ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც გამორიცხულია“, -განაცხადა შოლცმა.
ოლაფ შოლცმა ასევე ისაუბრა „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიღებულ დეკლარაციაზე და კარგი უწოდა იმას, რომ უკრაინის წინააღმდეგ „რუსეთის აგრესიის შესაფასებლად მკაფიო სიტყვები მოიძებნა“. გერმანიის კანცლერმა ასევე დადებითად შეაფასა, რომ დოკუმენტში მიუღებელი უწოდეს ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას.
„ეს წარმოადგენს წითელ ხაზს, რომელიც ყველამ გაავლო. ეს ხაზი აქ კიდევ ერთხელ გაივლო ძალიან მტკიცედ“, -აღნიშნა შოლცმა.