ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეძლებენ სწრაფად შეთანხმებას, თუ ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეძლებენ სწრაფად შეთანხმებას, თუ ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სწრაფად განვითარდება. ყველა მოლაპარაკება, რომელიც მე გავმართე ბოლო კვირებსა და თვეებში, მიზნად ისახავს კონსტრუქციული გადაწყვეტის სწრაფად პოვნას. იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც მხარს უჭერდა პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ისევ აქვს უმრავლესობა პარლამენტში, მჯერა, რომ შესაძლებელი იქნება გონივრული გადაწყვეტილების სწრაფად მიღება“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე.
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში არაფორმალური შეხვედრისას იმსჯელებენ, ვინ უნდა გახდნენ ევროკომისიის და ევროსაბჭოს შემდეგი პრეზიდენტები, ასევე ხელმძღვანელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.
მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩება, რადგან „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ევროსაბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა განიხილება, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად კი – ესტონეთის პრემიერი კაია კალასი.
ლიდერები 27-28 ივნისს ევროკავშირის სამიტზე ოფიციალურად დაადასტურებენ წარდგენილ კანდიდატურებს.