ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრის ჩასატარებლად სპეციალურ ზონას ამზადებენ
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრის ჩასატარებლად სპეციალურ ზონას ამზადებენ. როგორც კონსტანტინე ფილია ამბობს, „ეს ზონა ენგურის ხიდის შემდეგ მდებარეობს“.
„ჩვენ ვამზადებთ ზონას, რომელიც ენგურის ხიდის შემდეგ მდებარეობს ისე, რომ ჩვენს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე არ შედიხარ. პირველი პუნქტი მხოლოდ გადის წინასწარ შემოწმებას ისე, რომ არ ხდება მთელი საბაჟო სტრუქტურის გადაკვეთა. ზემოთ მზადდება ზონა, იქ იქნება საკონფენეციო დარბაზი და იქ შევხვდებით. გამოვა, რომ ტერიტორია აფხაზურია, მაგრამ ისინი ჩვენთან სრულად არ შემოდიან. იქ ვცდით ისეთ ფორმატს, რომ დავაკმაყოფილოთ პრეტენზიები, დავიწყოთ ნორმალური დიალოგი“, – განაცხადა კონსტანტინე ფილიამ.
ამასთან ერთად, ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც.
„ეს ჟენევის დისკუსიებიც აქეთ გადმოვიდეს. ჟენევა შორსაა და ყველა ყველაფერს ვერ ხვდება. იქ, ჟენევაში არაფერი გადაწყდება“, – აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელი.
მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში ამბობდნენ, რომ მზად არიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრების გასაახლებლდ და წინადადებების პაკეტიც მოამზადეს.