ოკუპირებული ცხინვალის საფეხბურთო ე.წ. ნაკრები, ConIFA-ს „ჩემპიონატში“ მონაწილეობას ვერ მიიღებს
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საფეხბურთო ნაკრები, ლონდონში ConIFA-ს „ჩემპიონატში“ მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საფეხბურთო გუნდმა, შესარჩევ მატჩებში საკმარისი რაოდენობის ქულა ვერ დააგროვა.
„ჩვენი გუნდი სათანადო დაფინანსებას ვერ იღებს მთავრობისგან. ეს მაშინ, როდესაც ConIFA ლამის ერთადერთ ტურნირად რჩება, სადაც ჩვენ მონაწილეობის მიღება შეგვიძლია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გუნდს. ჩვენ ამ საკითხს პრეზიდენტთან შეხვედრაზე დავაყენებთ უახლოეს დღეებში“, – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ე.წ. უწყების წარმომადგენელმა სერგეი ზასეევმა.
მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საფეხბურთო ნაკრები ტურნირში ვერ იასპარეზებს, ფეხბურთელებს უფლება ეძლევათ, თამაშებს გულშემატკივრების რანგში დაესწრონ.
2018 წელს ConIFA (FIFA-სა და UEFA-ს მიერ არაღიარებული საფეხბურთო ტურნირი) ე.წ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ლონდონში გეგმავს, რომელშიც მონაწილეობის მიღებაზე 16 არაღიარებული სახელმწიფოს საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის საფეხბურთო ე.წ. ნაკრებია.
ე.წ. ჩემპიონატის გახსნა 31 მაისს იგეგმება და ის 10 ივნისს დაიხურება.
ConIFA არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო გაერთიანებაა, რომელიც ე.წ. ჩემპიონატს ატარებს. ე.წ. ჩემპიონატი გასულ წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ფეხბურთელთა ე.წ. ნაკრები, ConIFA-ს „ჩემპიონატის“ ფარგლებში, 2018 წელს ლონდონში გამგზავრებას აპირებდა.