ოკუპირებული ცხინვალის გავლით რუსეთის საბანკო მანიპულაციებზე The Washington Post-ი სტატიას აქვეყნებს
14:01, 23.11.2018
The Washington Post-ი ოკუპირებული ცხინვალისა და აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეჟიმების გავლით რუსეთის საბანკო მანიპულაციებზესტატიას აქვეყნებს.
საგამოძიებო მასალაზე ავტორიტეტული გამოცემის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელმა, ანტონ ტროიანოვსკიმ იმუშავა. ჟურნალისტური გამოძიება ბიზნესმენებთან და პოლიტიკურ პირებთან ინტერვიუებს მოიცავს.
სტატიის მიხედვით, რუსეთმა ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების სანქციების პარალელურად, ოკუპირებული ცხინვალის, ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების გამოყენებით საკუთარი საბანკო სისტემა დაამკვიდრა, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დიდი რაოდენობის თანხებს ოკუპირებული ცხინვალის ბანკში (International Settlements Bank) რიცხავენ.
როგორც ანტონ ტროიანოვსკის მიერ მომზადებულ მასალაშია აღნიშნული, მიღებული თანხა ცხინვალიდან რუსეთში ხვდება. თანხის სანაცვლოდ აღმოსავლეთ უკრაინას რუსეთი საწვავით, სამშენებლო მასალებითა და სხვა პროდუქტებით ამარაგებს. უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სწორედ ამ გზით აწვდის რუსეთი ამბოხებულებს იარაღსა და სამხედრო მასალას.
სტატიის მიხედვით, პირამიდაში ოკუპირებული ცხინვალი ფორმალურ როლს ასრულებს, რადგან რუსეთის მიერ დამოუკიდებლად აღიარებული ერთადერთი რეგიონია, რომელიც თავის მხრივ, აღმოსავლეთ უკრაინის თვითგამოცხადებულ რეჟიმებს აღიარებს და შესაბამისად, მათთან ფორმალური საბანკო ურთიერთობები შეუძლია.
ავტორიტეტული გამოცემის მიხედვით, ოკუპირებულ ცხინვალში ამჟამად 146 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებსაც სურთ, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილთან ბიზნესი აწარმოონ. სტატიაში საუბარია იმ სარგებელზეც, რომელსაც ეს კომპანიები არაღიარებულ ტერიტორიებს შორის მოქმედი ფინანსური ქსელის მეშვეობით იღებენ.
ჟურნალისტურ გამოძიებაში ასევე საუბარია, რამდენად არის დამოკიდებული ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება რუსულ ფულზე და რა თანხას ხარჯავს რუსეთი სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერაზე. ჟურნალისტის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ბიუჯეტში 120 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლიდან, 110 რუსული შემწეობაა.
The Washington Post-ი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილსაც ესაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ ფინანსური პირამიდის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება ინფორმირებულია, თუმცა ამ ეტაპზე პრობლემის გადაჭრა ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება. ინტერვიუში მინისტრი იმასაც ამბობს, რომ რუსეთი გადაუჭრელ კონფლიქტებს ერთგვარ მექანიზმად იყენებს, რათა ქვეყნები საკუთარ ორბიტაზე ატრიალოს.
The Washington Post-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს მსოფლიოს სახელმწიფოები, მათ შორის ნატო-ს წევრი ქვეყნები საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევენ და რომ იქ არსებულ სეპარატისტულ მოძრაობებს კრემლი თავისი ჩრდილოვანი იმპერიის გასაძლიერებლად უჭერს მხარს.
სტატიაში საუბარია 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებაზე და კრემლის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან დამყარებულ სამხედრო თანამშრომლობაზეც.