ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის პროცესი გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საქმის არსებითი განხილვა ხვალ გაგრძელდება. ამის შესახებ დაკავებულის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, მიესალმება ქართული მხარის ჩართულობას და იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის სასიკეთოდ დასრულდება. როგორც დაკავებულის მეუღლე ამბობს, ადვოკატთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა საქმეზე დეტალური ინფორმაცია სატელეფონო საუბრისას არ მიუწოდებია.
„ადვოკატიც, ცხინვალის მხარეც და საქართველოს მხარეც ადასტურებენ, რომ პროცესი არის უტყუარი. იმედები დიდი გვაქვს, ველოდებით ყველანაირ გადაწყვეტილებას და მივესალმებით ქართული მხარის ჩართულობას. ედავებიან საზღვრის კვეთას და მესაზღვრეებზე თავდასხმას. პროცესზე გაირკვევა, რაზე გაიმართება სასამართლო და რას შეუფარდებენ. ადვოკატთან ვისაუბრე, თუმცა დეტალური ინფორმაცია არ მოუწოდებია. ადვოკატი იმედს არ კარგავს, რომ შერბილებული ფორმით დამთავრდება ეს სხდომა“, – განაცხადა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. ზაზა გახელაძეს გასული წლის 24 დეკემბერს წინასწარი პატიმრობის ვადა მეორედ, ორი თვით გაუხანგრძლივდა.