ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტი - „ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, აღკვეთილი იქნება ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებით“
„ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, აღკვეთილი იქნება ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებით“, – ამის შესახებ ნათქვამია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის განცხადებაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი „რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს აფასებს როგორც აგრესიის დაუფარავ აქტს, რომელიც მიმართულია რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ“.
„საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალების მიუხედავად, სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ აგრესიული სახელმწიფო პოლიტიკა ამ სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტების საქმიანობის უცვლელი შემადგენელია. საქართველოს პროვოკაციული ქმედებების მხარდამჭერ აშშ-სა და ნატო-ს ქვეყნებს პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელყოფაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.