ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა - ბოლშევიკებმა აღმოსავლეთ ოსეთის ტერიტორიები საქართველოს უკანონოდ გადასცეს
ბოლშევიკების მიერ საქართველოსთვის აღმოსავლეთ ოსეთის ტერიტორიების გადაცემა უკანონოა და ანექსიად განიხილება – ამის შესახებ ოსური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტროში“ განაცხადეს.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ ოსეთი, რომელიც სამხრეთ ოსეთის საზღვრებს მიღმა იყო, ქართული ექსპანსიის ადვილი ნადავლი გახდა.
„აუცილებელია საუბარი საბჭოთა საქართველოს მიერ აღმოსავლეთ ოსეთის ანექსიაზე, რომელიც თრუსოს და კობის ხეობებს მოიცავს. ოსეთის საზღვრებს მიღმა ოსების კომპაქტური დასახლება საქართველოს დუშეთის რაიონშიც იყო“ – ციტირებს ოსური მედია.
ოსური სააგენტო წერს, რომ აღმოსავლეთ ოსეთიდან წასული ოსებისთვის სამშობლო მიუღწეველი საზღვარგარეთია და მოსახლეობას ჩამორთმეული აქვს საკუთრების უფლება, შეზღუდული აქვს გადაადგილება და რელიგიური რიტუალების შესრულების შესაძლებლობა.