ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგის გადახედვას ითხოვს
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგის გადახედვას ითხოვს

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგის გადახედვას ითხოვს. ამის შესახებ სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.

მისი თქმით, ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგი სრულად არ შეესაბამება აღნიშნული ფორმატის წინაშე არსებულ ამოცანებს.

„ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ ყოველი რაუნდის წინ დღის წესრიგის გადახედვა. კერძოდ, ჩვენ არაერთხელ გამოვედით ინიციატივით, დისკუსიების დღის წესრიგის მესამე პუნქტიდან ამოვიღოთ ფრაზა „უსაფრთხოების საერთაშორისო ზომები“,-განაცხადა მან.

ჯიოევის განმარტებით, დღის წესრიგის სახელწოდებაა – „ ძალის გამოუყენებლობა და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომები“.

„ძალის გამოუყენებლობა ძალიან აქტუალური საკითხია და ჟენევის დისკუსიების ძირითად ამოცანას წარმოადგენს, რაც შეეხება მეორე ნაწილს – „უსაფრთხოების საერთაშორისო წესები“, ჩვენ და ჩვენს კონტრპარტნიორებს მათ დასავლელ მფარველებთან ერთად, ეს სხვადასხვაგვარად გვესმის. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ მოცემული ფორმულირება უკვე არ არის სავალდებულო და არ ატარებს თანაბარ დატვირთვას“, – აღნიშნა ჯიოევმა.

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო ზომები ან გარანტიები რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების ყოფნაა.

„საქართველოსთვის უსაფრთხოების ასეთ საერთაშორისო გარანტიებს სხვა ძალები წარმოადგენენ, ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, მოვხსნათ ეს პუნქტი დისკუსიების დღის წესრიგიდან“, – განაცხადა ჯიოევმა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ასევე ითხოვს, დღის წესრიგში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნის საკითხი შეიტანონ.