ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებული პირები საგამოძიებო მოქმედებების მიზნით პოლიციაში გადაიყვანეს
ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებული პირები საგამოძიებო მოქმედებების მიზნით პოლიციაში გადაიყვანეს

ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებული პირები საგამოძიებო მოქმედებების მიზნით გადაყვანილი არიან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, რის შემდგომაც დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, კერძოდ, ცხელი ხაზის მეშვეობით გაათავისუფლეს.

„რვავე დაკავებული თავისუფალია. ისინი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ  ემუქრება. ამისთვის, პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, რომლებმაც გადადგეს აქტიური ნაბიჯები და გამოიყენეს ყველა ის ქმედითი ზომები, რათა აღნიშნული პირები მშვიდობიანად დაბრუნებოდნენ საკუთარ ოჯახებს.

ასევე, მათი გათავისუფლებისთვის გამოყენებული იქნა ცხელი ხაზის მექანიზმი. ცხინვალის სასამართლოში სავარაუდოდ მათი ახლობლების მიერ გადახდილი იქნა შესაბამისი ჯარიმა. აღნიშნული პირები შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების მიზნით გადაყვანილი არიან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, რის შემდგომაც დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.