ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი სასწრაფო დახმარების ავტომობილისთვის დროებით გაიხსნა
ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილისთვის დროებით გახსნეს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიიდან 1964 წელს დაბადებული ქალბატონი, გულის შეტევის დიაგნოზით გადმოიყვანა.
ამასთან, ე.წ. გამშვები პუნქტი ადგილობრივებისთვის კვლავ ჩაკეტილი რჩება.
ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი 9 სექტემბერს ჩაკეტა. დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქართულ მხარესთან დაძაბულობის გამწვავებით განმარტავს და აცხადებს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტები მუშაობას ვითარების ნორმალიზების შემდეგ განაახლებენ. გახსნის კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა.