ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაღუპულთა ხსოვნას დღეს, სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებმა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.
„ხუთი მებრძოლი – დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 265“,- აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციაში.