ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 25 აგვისტომდე გადადო
ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც რუსული მედიასთან საუბარში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ე.წ. არჩევნები 21 ივლისის ნაცვლად, 25 აგვისტოს გაიმართება.
„დეპუტატებმა 25 ხმით დაუჭირეს მხარი კენჭისყრის 21 ივლისიდან 25 აგვისტოსთვის გადადებას“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი შამბამ.
მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ე.წ. არჩევნების გადადებას ითხოვდნენ. ამის მიზეზად აქტივისტები ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატ ასლან ბჟანიას შესაძლო მოწამვლას ასახელებდნენ.