ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭო - არეულობის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოში გააკეთეს.
მათივე ინფორმაციით, ადამიანები, ვისაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვთ დაკავებული, შეიარაღებულები არიან, თუმცა მათ იარაღი ჯერ არ გამოუყენებიათ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ არეულობის შედეგად შვიდმა ადამიანმა მსუბუქი ტრავმა მიიღო.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გუშინ დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.