ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს საკასაციო კოლეგია „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგებთან დაკავშირებით საჩივარს დღეს განიხილავს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს საკასაციო კოლეგია „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგებთან დაკავშირებით საჩივარს დღეს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ე.წ. სასამართლოს ვებგვერდზე არის განთავსებული.
„2020 წლის 10 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება საკასაციო კოლეგიის შეხვედრა. მას მოსამართლე ლი ადლეიბა და ეკატერინე ონიშენკო, თემურ ტამბას ხელმძღვანელობით დაესწრებიან. საკასაციო სასამართლო განიხილავს საჩივარს, რომელიც აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ალხას კვიცინიას ეკუთვნის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
9 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგია განიხილავდა სარჩელს ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს, გასულ წელს გამართული არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გუშინ დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.