ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება ჰუმანიტარულ საკითხზე „ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების განახლების“ შესაძლებლობის წინადადებით გამოდის
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება ჰუმანიტარულ საკითხზე „ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების განახლების“ შესაძლებლობის წინადადებით გამოდის

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰუმანიტარულ საკითხზე საქართველოსთან ორმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობის წინადადებით გამოდის.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „საქართველოს თანამდებობის პირებისა და აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ქართულ-აფხაზური დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას“ გამოეხმაურა.

„ამასთან დაკავშირებით არ შეგვიძლია, არ გამოვხატოთ გაოცება, რომელიც გამოიწვია ინფორმაციამ, რომ საქართველოს მთავრობამ მოულოდნელად გამოთქვა აფხაზურ მხარესთან დიალოგის მზადყოფნა. ჩვენი მხრიდან, გამოვდივართ მოლაპარაკებების ორმხრივი ფორმატის განახლების შესაძლებლობით, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის აფხაზეთის რესპუბლიკის დეიზოლაცია, რეგიონული უსაფრთხოება, ეკოლოგია და სხვა საკითხები, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული ჰუმანიტარული თანამშრომლობის თემატიკასთან. ამასთან ერთად, განსაკუთრებით ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსი, რომელიც ეფუძნება აფხაზი ხალხის ნების გამოხატულებას და გამყარებულია აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციით, არ წარმოადგენს რაიმე მოლაპარაკების საგანს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოსთან მოლაპარაკებას გაერო-ს ეგიდით 1994-დან 2008 წლამდე აწარმოებდა, რუსეთისა და სხვა ქვეყნების შუამავლობით, რაც დადებითად ისახებოდა გარკვეული პოლიტიკური და დიპლომატიური შედეგების მიღწევაზე“.

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყება ასევე ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფორუმი, რათა რეგიონში სიტუაცია პროგნოზირებადი იყოს და ასევე შენარჩუნდეს პოლიტიკური დიალოგი აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. ვფიქრობთ, ჟენევის დისკუსიების ფორმატში დიალოგი სასარგებლოა და გამოვდივართ მისი გაგრძელების წინადადებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ აუცილებლობად აღვნიშნოთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი და დიალოგის სხვა ფორმების მიზანშეწონილობის განხილვა სოხუმსა და თბილისს შორის, შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც მხარეებს ავალდებულებს, არ გამოიყენონ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალა“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.