ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

მედიის ცნობით, ბჟანიამ სხდომა მას შემდეგ მოიწვია, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციამ გუმისთის ხიდი გადაკეტა. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, დიმიტრი კუჭუბერიამ მომხდარს მასობრივი არეულობები უწოდა.

„უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელებმა უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით ზომები მიიღეს“, – აღნიშნულია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ,ადგურ აგრბამ განაცხადა, რომ 10 ნოემბერს ე.წ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ შენობის ეზოში ხუთმა მოქალაქემ ჩაიდინა უკანონო ქმედება დეპუტატის მიმართ, რის შემდეგაც ეს პირები დააკავეს.

„მოგვიანებით დაკავებულთა ახლობლებმა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა სცადეს ძალადობრივი შეღწევა აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, რაც სამართალდამცავებმა აღკვეთეს“, – განაცხადა აგრბამ.

ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ დაკავება მოხდა უკანონოდ.

გასულ ღამეს აქციის მონაწილეები ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც ავტომობილით ჭიშკარი შეანგრიეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციასთან კი სამხედრო ტექნიკა დააყენეს.

მოგვიანებით დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში დაკავებულებს გაათავისუფლებენ. სანაცვლოდ, აქციის მონაწილეებმა სამი ბლოკირებული ხიდიდან ერთი, კოდორის ხიდი გახსნეს.

ცნობისთვის, პროტესტი მოჰყვა ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტს, რომელსაც ე.წ. პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს. ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ინვესტორი რვა წლით თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, ასევე კორპორატიული ქონების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადისგან. დამატებითი ღირებულების გადასახადი კი ინვესტორისთვის მხოლოდ 5% იქნება. არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტის მიღება საზიანო იქნება ეკონომიკისთვის და საფრთხეს შეუქმნის ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოებას.