ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ტამიშში იმყოფება და აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ტამიშში იმყოფება და აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მშობლიურ სოფელ ტამიშში იმყოფება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. მანამდე ბჟანიამ მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას. ამის შემდეგ ე.წ ოპოზიცია ულტიმატუმით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, მას ერთი საათის განმავლობაში უნდა წარედგინა გადადგომის შესახებ განცხადება, თუმცა ბჟანია არ გადადგა.

ე.წ ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა კი ამტკიცებს, რომ ბჟანია რუსეთს გადასცემს სრულ სისულელესა და დეზინფორმაციას, თითქოს მომიტინგეები რუსეთის სასაზღვრო პუნქტებზე თავდასხმას გეგმავენ.

მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. შენობაში შეჭრამდე სროლა იყო.

როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, მომხდარის შედეგად 15 ადამიანია დაშავებული.

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტს აპროტესტებენ, რაც ითვალისწინებს, რომ ინვესტორი რვა წლით თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, ასევე კორპორაციული ქონების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადისგან. დამატებითი ღირებულების გადასახადი კი ინვესტორისთვის იქნება მხოლოდ ხუთი პროცენტი.