ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვას აწესებს
საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ოკუპირებულ აფხაზეთში მემკვიდრეობის მიღების უფლება აღარ ექნება. შესაბამისი კანონი პირველი მოსმენით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო. ინიციატივა ე.წ. დეპუტატს რაულ ლოლუას ეკუთვნის. მისი თქმით, „აკრძალვა პირველ ეტაპზე შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ ან ქართველებს ეხმარებოდნენ“.
„მოგვმართეს ვეტერანებმა და მოქალაქეებმა, რომლებმაც გვითხრეს, რომ მათთან მიდიან ქართველი ეროვნების პირები, რომლებიც ომამდე ცხოვრობდნენ აფხაზეთში, შემდეგ დატოვეს აფხაზეთი და ითხოვენ ქონების დამტკიცებას, აფორმებენ ამ ქონებას ნოტარიუსებთან და სასამართლოს საშუალებით. ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, შეიცვალოს კანონი და მემკვიდრეობის მოთხოვნა აეკრძალოს იმ პირების ოჯახის წევრებს, რომლებიც იბრძოდნენ აფხაზეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში აფხაზეთის წინააღმდეგ ან ეხმარებოდნენ საოკუპაციო ჯარებს“, – განაცხადა ლოლუამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატებმა შესაბამის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
როგორც ლოლუამ განაცხადა, მომავალში ასევე იგეგმება ცვლილება, რომელიც შეეხება იმ პირებსაც, ვინც ომში არ მონაწილეობდა.
„ამ საკითხს აუცილებლად წამოვწევთ“, – განაცხადა რაულ ლოლუამ.