ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას გეგმავს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გეგმავს, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები და მიმდებარე ტერიტორია რუსეთს გადასცეს.
მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ რუსი ინვესტორები ბიჭვინთაში აფხაზეთში ყველაზე მასშტაბურ საკურორტო-სანატორიუმის ობიექტს ააშენებენ, ინვესტიციის მოცულობა კი, 10 მილიარდი რუსული რუბლი იქნება.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ მშენებლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და კონტრაქტები მიმდინარე წლის ბოლოს გაფორმდება, ბიჭვინთაში მშენებლობა კი, 2023 წლიდან დაიწყება. ამასთან, მშენებლობაზე ორი ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
სახელმწიფო აგარაკის, „ბიჭვინთის“ რუსეთისთვის გადაცემის საკითხი 2020 წლის ნოემბერში ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დღის წესრიგში შეიტანეს. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს წერილით მიმართეს ადგილობრივმა საზოგადო მოღვაწეებმა. წერილში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკების დაწყებამდე და შეთანხმების ხელმოწერამდე საჭიროა დოკუმენტის ეკოლოგიური, ეკონომიკური და იურიდიული ექსპერტიზის ჩატარება. წერილის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიას განსაკუთრებული კლიმატური და ეკოლოგიური ღირებულება, ასევე საზღვაო ნაწილს განსაკუთრებული ჰიდროლოგიური მახასიათებლები აქვს.
„აფხაზეთის განსაკუთრებით ძვირფას მიწებზე განლაგებული ობიექტების გასხვისების საკითხი ყოველთვის იწვევს საზოგადოების მკვეთრ რეაქციას. თუ ხელშეკრულება გაფორმდება შემოთავაზებული გადაწყვეტის და წინასწარი ყოვლისმომცველი ანალიზისა და დასაბუთების გარეშე, ამან შეიძლება, გამოიწვიოს არასასურველი შედეგები, მათ შორის, შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია“, – ნათქვამია წერილში.