ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა სამინისტრომ ყველა ფინანსური ოპერაცია შეაჩერა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა სამინისტრომ ყველა ფინანსური ოპერაცია შეაჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა სამინისტრომ ყველა ფინანსური ოპერაცია შეაჩერა. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ განაცხადა.

მისივე თქმით, „მინისტრთა კაბინეტი“ მუშაობს, თუმცა არასრული შემადგენლობით, ამიტომ „გარკვეულ ფინანსურ ოპერაციებზე შეზღუდვა დაწესდა“.

„პრემიერ-მინისტრმა გასცა განკარგულება, შეჩერდეს ყველა ფინანსური ოპერაცია. თქვენ იცით, რომ მინისტრთა კაბინეტის აპარატის შენობაში იმყოფებიან ადამიანები, ხოლო ფინანსთა სამინისტრო ამავე შენობაშია. ამიტომ ფინანსური ოპერაციების შეჩერების გადაწყვეტილება მიღებული იყო უკანონო ქმედებების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ სახლებში გავუშვით უწყებაში დასაქმებული ქალი თანამშრომლები. ასეთ რეჟიმში სამინისტრო სრულფასოვან ფუნქციონირებას ვერ შეძლებს“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ე.წ. მთავრობა „ხელფასებისა“ და „პენსიების“ გაცემას ვერ შეძლებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია გუშინ დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს საკასაციო კოლეგია „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგებთან დაკავშირებით საჩივარს დღეს განიხილავს.

ამასთან, აფხაზეთის ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა, დაურ არშბამ რაულ ხაჯიმბას მომხრეებს შეკრებისკენ მოუწოდა. არშბამ მოქალაქეებს მიმართა, რომ მოსკოვის დროით 15:00 საათზე ე.წ. მთავრობის სახლის წინ შეიკრიბონ. ასევე, მანამდე ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარე ასლან ბჟანიამ აფხაზეთის მცხოვრებლებს დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან მისვლა სთხოვა.