ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია „საპრეზიდენტო არჩევნების“ ახალ თარიღს უახლოესი ხუთი დღის განმავლობაში გამოაცხადებს. ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ტასს“ „საარჩევნო კომისიის“ წევრმა გივი გაბნიამ განუცხადა.
„საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხუთი დღის ვადაში უნდა მოხდეს. ხუთი დღის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომას ჩაატარებს“, – განაცხადა გაბნია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკო-ს სასამართლოში წარმოადგენს.
გაბნიამ ასევე აღნიშნა, რომ ხელახალი „არჩევნებისთვის“ მზადება წარიმართება „სასამართლოს“ გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურის პარალელურად. ე.წ. ცესკო-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალ „არჩევნებამდე“ და „ინაუგურაციამდე“ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობა რაულ ხაჯიმბამ უნდა შეასრულოს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.