ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტს თავში ჭიქა ჩაარტყეს, რის გამოც გადადგა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტს, ვიტალი გაბნიას თავში ჭიქა ჩაარტყეს, რის გამოც თანამდებობიდან გადადგა. გაბნიამ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მამაკაცების ჯგუფთან შელაპარაკების შემდეგ, ერთ-ერთი მათგანმა ჭიქა ზურგიდან ჩაარტყა.
„იძულებული ვარ, გადავდგე, რომ ღირსება დავიცვა. ეს პოლიტიკურ რეალიებთან კავშირში არ არის“, – განაცხადა მან.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა, რომ თავდამსხმელი დასჯილი ჯერ კიდევ არ არის.
„საერთო ჯამში, ჩვენთან სამართალდაცვითი სისტემა პარალიზებულია. გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან არ შემიძლია, დავიცვა ჩემი უფლება და ჩემი ღირსება ასეთ მაღალ თანამდებობაზეც კი. მე ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ აფხაზურად მოქმედების შემდეგ მექნება“, – განაცხადა ვიტალი გაბნიამ.