ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აქციის მონაწილეებმა „პარლამენტის“ შენობაში გადაინაცვლეს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აქციის მონაწილეებმა „პარლამენტის“ შენობაში გადაინაცვლეს.
„ოპოზიციური ძალების ბლოკი“ სპიკერთან შეხვედრას ელოდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები კი საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა გამართვას მოითხოვენ. შექმნილი ვითარების გამო, დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭო საგანგებო შეხვედრას აწყობს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია დილიდან მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელშიც გამარჯვება ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.
დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი – 46,17 პროცენტი. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.
დღეს ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო მოსმენა დაიწყო „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელიც ცდილობს, გააბათილოს ე.წ არჩევნების შედეგები. მან ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 20 სექტემბერს შეიტანა. თუმცა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც კვიცინიამ „უზენაეს სასამართლოს“ მიმართა.