ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ ოთხს პირს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირიდან ოთხს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, გადმოსვენებულთა დაკრძალვა სხვადასხვა ლოკაციაზე იგეგმება, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე. გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი (ექვსი სამხედრო, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე) რამდენიმე დღის წინ გადმოასვენეს.
„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა“, – აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, საქართველოში 2 300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, შეიქმნა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავმჯდომარეობს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორის კომისიას. აპარატი ახდენს ნეშტების მოძიებასთან/ამოცნობასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინირებას, მათ შორის, ოჯახების დახმარებას ამოცნობილი ნეშტების დაკრძალვის ორგანიზებასა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 583 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 206.