ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები საქართველოს მოქალაქეობის დადგენას უფასოდ შეძლებენ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურის გამარტივება ჩვენი სამშვიდობო, ჩართულობის პოლიტიკის და სამთავრობო პროგრამის მნიშვნელოვანი დანაპირებია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მცხოვრებლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენისა და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების პროცედურა გამარტივდა.
„ეს ეხება ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც დაიბადა საქართველოში, ამ ტერიტორიებზე. ცხოვრობდა აღნიშნულ ტერიტორიებზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე ან არის ასეთი პირის შთამომავალი, შესაბამისად ყველა ლეგიტიმურად მცხოვრებს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრი განმარტავს, რომ მარტივდება პირის იდენტიფიცირება მისი მოქალაქეობის ფაქტის დადგენისთვის, მათ შორის იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც თავად აქვთ ხელთ.
„ამისთვის პარლამენტმა უკვე შექმნა საფუძველი, როდესაც გვქონდა ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ივნისში და მას მხარი დაუჭირა. ახლა კანონქვემდებარე აქტით გავამყარეთ ცვლილება და შესაბამისად, სისრულეში მოვიყვანეთ. პირველი ეხება პროცედურებს, მეორე კი, ვადებს, ფაქტობრივად, ერთი თვის ვადებში ხდება მოქალაქეობის დადგენა. მესამე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისაა, რომ პროცედურა უფასოა. ვითვალისწინებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობა განსაკუთრებულად რთულ პირობებში ცხოვრობს, უჭირთ გადაადგილება, ხელოვნურად შექმნილი ბარიკადებია, ასევე მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებულად რთულია ხშირ შემთხვევაში, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. გათვალისწინებულია დაჩქარებული შესაძლებლობებიც, რომელიც შეღავათიან გადასახადებს უკავშირდება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, რიგ შემთხვევებში საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობითაც შეიძლება გაკეთდეს განაცხადი იმ პირისთვის, რომლის მონაცემებიც ელექტრონულ ბაზაში უკვე არის. შესაბამისად, მოქალაქეობის დადგენის პროცედურისთვის პირადად გამოცხადებაც არ იქნება საჭირო.
მისი შეფასებით, ამით საქართველოს მთავრობამ თავისი დანაპირები შეასრულა.
„ამით ჩვენ შევასრულეთ პირობა და გადავდგით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ რეალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის სარგებელი, რომელიც საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს აქვთ. განსაკუთრებით პირებისთვის, ვისაც აქვთ სურვილი, მაგალითად უვიზო მიმოსვლის პერსპექტივით ისარგებლონ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მთავრობის დადგენილების თანახმად, გამარტივებული პროცედურები 2019 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.