ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე დღეს პარლამენტში შსს-სა და სუს-ის წარმომადგენლებს მოუსმენენ
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ“ დღეს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს მოუსმენენ.
დეპუტატები შსს-სა და სუს-ის წარმომადგენლებს ძირითადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვამენ კითხვებს. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ბერაია აცხადებს, ქართული მხარე იყენებს ყველა ბერკეტს, რათა ვითარების დეესკალაცია მოხდეს.
„კომისია აგრძელებს შესაბამისი უწყებების მოსმენას თავისი საქმიანობის ფარგლებში. ამჯერად ჩვენ მოვისმენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით, აქ არსებული ვითარების შესახებ. ეს არის შეხვედრა, რომელიც ჩვენ ჩავნიშნეთ რამდენიმე კვირის წინ. ამ შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვექნება საგნობრივი და საქმიანი დისკუსია, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე. ჩვენ დავსვამთ ყველა იმ შეკითხვას, რომლის დასმასაც მივიჩნევთ საჭიროდ. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, ამას არ აღვიქვამ სერიოზულად, იმდენად, რამდენადაც ცენტრალური ხელისუფლება და მისი შესაბამისი უწყებები იყენებენ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტებს, რათა ზოგადად მოხდეს ვითარების დეესკალაცია, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, ასევე მოხდეს ზეწოლა საოკუპაციო ძალაზე, რათა მან შეასრულოს საერთაშორისო სამართლითა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.