ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დღეს საკომიტეტო მოსმენას გამართავს.
კომიტეტის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ბავშვების მძიმე მდგომარეობაზე რუსეთის მილიტარისტული პოლიტიკის პირობებში.
საკომიტეტო მოსმენაზე მთავარ მოხსენებას წარმოადგენს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
როგორც პირველ არხს ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ბავშვთა უფლებების დარღვევაზე გაკეთდება. ციხელაშვილის განმარტებით, რამდენიმე პრობლემა არსებობს, მათ შორის ის, რომ ბავშვებს არ ეძლევათ მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა და ისინი საომარ რიტორიკაში იზრდებიან. მინისტრის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა.
„ადამიანის უფლებათა კომიტეტზე გვექნება საუბარი ზოგადად ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ბავშვთა უფლებებზე და ბავშვთა უფლებების მდგომარეობაზე კონკრეტულად აფხაზეთის რეგიონში. ახლახან პარლამენტმა დაამტკიცა ჩვენ მიერ წარდგენილი ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, მაგრამ მომავლის წარმოდგენა შეუძლებელია ბავშვებისა და მათი დაცვის გარეშე. მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში ირღვევა ბავშვთა უფლებები, მათი განათლების უფლება, ხდება გარკვეულ სამხედრო ღონისძიებებში და სხვადასხვა სიმულაციურ თამაშებში მათი პერმანენტული და სისტემატიური ჩართვა, რაც მათ ფსიქიკაზე მძიმე გავლენას ახდენს, ვფიქრობ, ეს ყველას საზრუნავი უნდა იყოს. პარლამენტი ძალიან სამართლიანად ამახვილებს ყურადღებას ამ დიდ პრობლემაზე, რომელსაც გადაჭრა სჭირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ ბაღებსა და სკოლებში როგორც მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა, ასევე მათთვის იყოს შესაძლებლობა, რომ არ იზრდებოდნენ საომარ რიტორიკაში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.