ოკუპირებულ ტერიტორიებთან არანაკლებ 800 მეტრზე მდებარე დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ არანაკლებ 800 მეტრზე მდებარე დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება.
შესაბამისი ცვლილებები „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. ცვლილებების ინიცირება 16 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის გათვალისწინებით, კრიტერიუმების განხილვის გარეშე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება 80 პროცენტი და მეტი მაღალმთიანი დასახლებების მქონე მუნიციპალიტეტების დანარჩენ დასახლებებსაც, რომლებიც 800 მეტრ და მეტ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარეობს.
ამასთან, ცვლილებებით, 2000-ზე ან მეტი ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარე დასახლებაში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად ფაქტობრივად ცხოვრების პირობა ცხრა თვის ნაცვლად, ექვსი თვით განისაზღვრება.
მთავრობა განმარტავს, რომ კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლების მოსახლეობისათვის ოკუპაციის ზოლთან ცხოვრება რთულია, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ასევე, მიმდინარეობს სოფლების სასოფლო-სამეურნეო და სახნავ-სათესი მიწების მიტაცება ოკუპანტების მიერ.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენ დასახლებას მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, მთავრობის ცნობით, ასეთი იქნება გამყოფ ხაზთან მდებარე 19 დასახლება და თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლება.
პროექტში ნათქვამია ისიც, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, 6767 მოქალაქე, კერძოდ, ექიმი, ექთანი, მასწავლებელი, პენსიონერი და სოციალური პაკეტის მიმღები პირები კანონით დადგენილი შეღავათებით ისარგებლებენ. შეღავათების ჯამური ოდენობა, მათ შორის გათვალისწინებულია ელექტროენერგიის შეღავათი და სკოლების გაზრდილი ვაუჩერული დაფინანსება, დაახლოებით 7,4 მილიონ ლარს წარმოადგენს.