ოკუპირებულ სოხუმში, ერთ-ერთ რესტორანთან, სადაც ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი იმყოფებოდნენ, ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ცეცხლი გახსნა
ოკუპირებულ სოხუმში, ერთ-ერთ რესტორანთან, სადაც ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი იმყოფებოდნენ, სროლის ხმა ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც მედიაში იუწყებიან, ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების მეთაურები 1992-1993 წლის ომში „გამარჯვებას“ აღნიშნავდნენ.
როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს იუწყება, ცეცხლი „პარლამენტარმა“ გარი კოკაიამ გახსნა, რის შემდეგაც დაკავებისას მან ადგილზე მყოფ „შს მინისტრს“ დმიტრი დბარს წინააღმდეგობა გაუწია. როგორც მედია წერს, ამავე დღეს კიდევ ერთმა „დეპუტატმა“, ალმასხან არძინბამ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შსს-ს შენობასთან ავტომატიდან გახსნა ცეცხლი. მან 20-ჯერ გაისროლა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ე.წ. შს მინისტრის მოადგილეების წინააღმდეგ, რომელთაც 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის დროს „უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში დასდეს ბრალი“.
კერძოდ, როგორც რუსული მედია წერს, ე.წ. შს მინისტრის მოადგილეებმა სცემეს „დეპუტატი“ გარი კოკაი და ასევე „ომის ვეტერანები და ინვალიდები“. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პროკურატურამ ასევე მოუწოდა „პრეზიდენტს“, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ დისციპლინური სასჯელი გამოიყენოს, რადგან ის იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ინციდენტის პრევენცია ვერ შეძლო.
რუსული მედია ასევე წერს, რომ მომხდარის გამო დაკავებული „დეპუტატის“ გარი კოკაიას მხარდამჭერები ამჟამად აქციას მართავენ და ე.წ. შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
მომხდართან დაკავშირებით, ორშაბათს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პარლამენტში საგანგებო სხდომა გაიმართა.