ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ჩავიდა
ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა. მან უკვე გამართა შეხვედრა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მათ შორის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა.
როგორც საოკუპაციო რეჟიმი წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრების მთავარი თემა ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ტრანსპორტის შეუფერეხებლად გადაადგილების უზრუნველყოფა იყო.
„შევისწავლეთ გზის სახიფათო მონაკვეთები, რომელზეც იგეგმება ზვავსაწინააღმდეგო ნაგებობის მშენებლობა. ეს არის ერთადერთი სატრანსპორტო არტერია, რომელიც სამხრეთ ოსეთს და რუსეთს აკავშირებს. ჩვენ მიერ ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე ტრანსპორტის სამინისტრო შეიმუშავებს კომპლექსურ ზომებს, რაც უზრუნველყოფს ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებას. მათ შორის დაგეგმილია ზვავსაწინააღმდეგო ნაგებობების და გვირაბების მშენებლობა“, – განაცხადა ნურგალიევმა.
რაშიდ ნურგალიევი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამ დღით ჩავიდა. მასთან ერთად იმყოფებიან რუსეთის ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები.