ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, სეპარატისტული რეჟიმის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების“ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.
კერძოდ, პირველი ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ოკუპირებულ რეგიონში ჯარში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე პირებს, რომლებიც არ არიან აღრიცხული რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდებიან ის სამხედროები, რომელთა სამხედრო სამსახურის ვადა ამოიწურა.