ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტს კენჭი დღეს უნდა უყარონ
ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტს კენჭი დღეს უნდა უყარონ.
ადგილობრივი ე.წ. ოპოზიცია დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, საკითხის გადადება „მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ მოხდეს.
როგორც ტელეგრამის არხზე ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ადგურ არძინბამ დაწერა, საჭიროა, „ყველა მწვავე საკითხის გადადება, რომელიც ხალხს ყოფს და საზოგადოებას აღელვებს“.
„თუ ხელისუფლება ამას არ დათანხმდება, უახლოეს დღეებში შესაძლო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა, აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას და მის გარემოცვას დაეკისრება“, – წერს არძინბა ტელეგრამის არხზე.
მისი განცხადებით, ხელისუფლების ქმედებებმა, რაც გულისხმობს აქტივისტების დაკავებას, მკვეთრად დაძაბა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება.
ე.წ. შეთანხმება, რომელსაც დღეს უნდა უყარონ კენჭი, ითვალისწინებს, რომ ინვესტორი რვა წლით თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, ასევე კორპორაციული ქონების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადისგან. დამატებითი ღირებულების გადასახადი კი ინვესტორისთვის იქნება მხოლოდ ხუთი პროცენტი.
ოკუპირებულ აფხაზეთში აზრი ორად არის გაყოფილი. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტის მიღება საზიანო იქნება ეკონომიკისთვის და საფრთხეს შეუქმნის ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოებას.
ე.წ. შეთანხმების პროექტს პროტესტი მოჰყვა.
რამდენიმე დღის წინ აქციის მონაწილეები ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც ავტომობილით ჭიშკარი შეანგრიეს. ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციასთან კი სამხედრო ტექნიკა დააყენეს. მაშინ რამდენიმე პირიც დააკავეს, საპასუხოდ კი აქციის მონაწილეებმა სამი ხიდი გადაკეტეს. მოგვიანებით დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში დაკავებულებს გაათავისუფლებდნენ, სანაცვლოდ კი აქციის მონაწილეებმა სამი ბლოკირებული ხიდიდან ერთი, კოდორის ხიდი გახსნეს.