ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში 52 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, მამაკაცი 14 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურით სახლის პირობებში მკურნალობდა და მხოლოდ 23 აგვისტოს მიმართა ოჩამჩირის რაიონულ საავადმყოფოს.

საავადმყოფოში პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება „კოვიდ-19“-ზე, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა. პაციენტი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რა დროსაც გზაში გარდაიცვალა.

სოფელ ლაბრაში კოვიდინფიცირების ხუთი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც იქ 14-დღიანი კარანტინი გამოცხადდა. სულ ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში კოვიდინფიცირების 12 ფაქტია დაფიქსირებული. ოკუპირებულ აფხაზეთში ჯამში კორონავირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.