ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 96 ადამიანს, მათგან 20-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მათივე ცნობით, 28 სექტემბერს გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა 58 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი, რომელიც კლინიკაში 9 სექტემბრის შემდეგ მკურნალობდა. მანამდე მამაკაცი სახლის პირობებში მკურნალობდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 106 პაციენტი რჩება, 14-ის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 1 352 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 434 ადამიანი, გარდაიცვალა ათი.