ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სამი, ოკუპირებულ ცხინვალში კი ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, ოკუპირებულ რეგიონში დაავადებულია ათი პირი.
ახლად გამოვლენილი შემთხვევებიდან სამივე ინფიცირებული რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია, რომლებიც დიაგნოსტირებამდე სოხუმში, საკარანტინო რეჟიმში იმყოფებოდნენ. ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობისთვის გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინფიცირებულთა რიცხვი რეგიონში 25-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 24 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი მხოლოდ ორ პირს დაუდგინდა. ისინი საკარანტინო რეჟიმში იმყოფებოდნენ. კარანტინის რეჟიმში ამჟამად კიდევ 290 ადამიანი იმყოფება.