ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 308 ადამიანს, მათგან 87-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მათივე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში, საერთო ჯამში, 143 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 29 ნოემბერს ორი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო სოხუმის მობილურ ჰოსპიტალში ერთი.
მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილია სულ 84 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 845. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 5 970 შემთხვევაა დაფიქსირებული.