ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 298 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 18 ადამიანს.
ოკუპირებული რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 198 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი, ხოლო სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი.
ოკუპირებულ აფხაზეთში, საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა სულ 184 პაციენტი. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 818 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 10 756 პაციენტი.