ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლოა, 2025 წლის 15 ან 16 თებერვალს გაიმართოს
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლოა, 2025 წლის 15 ან 16 თებერვალს გაიმართოს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ე.წ. არჩევნები სამი თვის ვადაში უნდა გაიმართოს.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტი ნიშნავს.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს და ე.წ. ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს.
მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ შეთანხმების განხორციელება გამოიწვევს საცხოვრებლის ფასების ზრდას და ასევე აჩენს რისკებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ე.წ. პარლამენტს დოკუმენტის რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის გამო გადაიდო.
შეთანხმების მოწინააღმდეგეებმა სოხუმში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი დაიკავეს და სეპარატისტების ლიდერის გადადგომა მოითხოვეს.
მოლაპარაკების შედეგად ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა, შეთანხმების მოწინააღმდეგეები კი ე.წ. სამთავრობო კომპლექსიდან გავიდნენ.