ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ჩავა
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ჩავა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ჩადის. ამის შესახებ „რია“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რაშიდ ნურგალიევი სოხუმში დღეს ჩავა. ვიზიტის მთავარი მიზანი არსებული კრიზისიდან გამოსვლაში დახმარების გაწევაა. „რიას“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ეცდება, აფხაზეთში შეტაკება არ მოხდეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია გუშინ დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.