ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ბეგლარ წილოსანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში 1983 წელს დაბადებულ ბეგლარ წილოსანს, რომელიც არასრულწლოვან შვილთან ერთად დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები ავრცელებენ. დაკავებულს ოკუპანტები „საზღვრის უკანონო გადაკვეთას“ ედავებიან.
ბეგლარ წილოსანი გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში არის გადაყვანილი.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავება ახალ ათონში მოხდა. მათივე განცხადებით, მამაკაცმა არასრულწლოვან, 2015 წელს დაბადებულ ქალიშვილთან ერთად, ე.წ. საზღვარი გალის რაიონის სოფელ საბერიოსთან გადაკვეთა.
საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების, ბეგლარ წილოსანისა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის უკანონო დაკავების ფაქტი დაადასტურეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ჩართულობის შედეგად, თინათინ წილოსანი უკვე იმყოფება საკუთარ ოჯახში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – აცხადებენ სუს-ში.
უწყების ცნობით, ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია საერთაშორისო ორგანიზაციები.
არასრულწლოვნის დედა ბავშვის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში წერდა.