ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის შენობა და ე.წ. სამთავრობო კომპლექსი დატოვეს
ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის შენობა და ე.წ. სამთავრობო კომპლექსი დატოვეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ე.წ. სამთავრობო კომპლექსში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები არ იმყოფებიან.
მანამდე გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რომელიც ცალკე პუნქტით მოითხოვდა, ოპოზიციას დაეტოვებინა ე.წ. სამთავრობო კომპლექსის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილებას უკან დააბრუნებდა.
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს.
ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ შეთანხმების განხორციელება გამოიწვევს საცხოვრებლის ფასების გაძვირებას და ასევე შეიცავს რისკებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტს დოკუმენტის რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის გამო გადაიდო.