ოკუპირებულ აფხაზეთში ადასტურებენ, რომ რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დატოვა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. ადმინისტრაციის შენობა დატოვა და ე.წ. სახელმწიფო აგარაკზე იმყოფება. ამის შესახებ საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა, ახრა ავიძბამ განაცხადა.
რუსული მედიის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბას დაცვის წევრები, რომლებიც ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის სამუშაო ოთახთან იმყოფებიან, დე ფაქტო პრეზიდენტის ადგილსამყოფელზე კომენტარს არ აკეთებენ.
რაულ ხაჯიმბას კაბინეტთან დაცვა დააყენეს.
ამასთან, საქართველოს პირველ არხს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ ხაჯიმბამ ე.წ. ადმინისტრაცია სამხედროების დახმარებით დატოვა.
ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვს. დემონსტრანტები რაულ ხაჯიმბას დაპირებების შეუსრულებლობაში და ფულის ფლანგვაში ადანაშაულებენ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია დილიდან მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელშიც გამარჯვება ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.
დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46,17. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.
დღეს ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო მოსმენა დაიწყო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელიც ცდილობს, გააბათილოს ე.წ. არჩევნების შედეგები. მან ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ე.წ. სასამართლოში სარჩელი 20 სექტემბერს შეიტანა. თუმცა, სარჩელი უარყოფილი იქნა, რის შემდეგაც კვიცინიამ საკასაციო სარჩელი ე.წ. უზენაეს სასამართლოში წარადგინა.