ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბანკზე თავდასხმისთვის ძებნილმა პირმა ე.წ. საზღვარზე გადასვლა ვერ მოახერხოს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ზუგდიდში ბანკზე განხორციელებულ თავდასხმაში ძებნილმა პირმა აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა ვერ შეძლოს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„სასაზღვრო ზონაში, სასაზღვრო დანაყოფის ძალების მიერ, რუსეთთან ერთად, ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რათა არ დავუშვათ დამნაშავის აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრა“, – განაცხადა ლატიპოვმა.
მისი თქმით, ენგურის გამშვები პუნქტი 19:00 საათიდან 07:00 საათამდე დაკეტილია და მის გადაკვეთას დროის ამ მონაკვეთში ვერავინ შეძლებს.
იმავე შინაარსის განცხადებას აკეთებს ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილიაც. მისი თქმით, ეჭვმიტანილი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებს.
21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.