ოკეანის წარმოუდგენლად დიდ სიღრმეში, რვაფეხათა გიგანტური ჯგუფი აღმოაჩინეს
კოსტა-რიკის სანაპიროსთან, ოკეანის ზედაპირიდან 3 კმ სიღრმეში არის ადგილი, სადაც რვაფეხების ნამდვილი თავყრილობა იმართება, რამაც მეცნიერთა გაოცება გამოიწვია.
გარდა იმისა, რომ თავფეხიანთა მთლიანი ეს კონცენტრაცია სრულიად ახალ სახეობას მიეკუთვნება, მათი ოდენობა და თავშეყრის უჩვეულო ადგილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც ღრმა წყლების ამ უჩვეულო არსებათა შესახებ ვიცით.
რვაფეხები გეოქიმიკოსთა ჯგუფმა მაშინ შენიშნა, როცა გაციებული ლავის 2-კილომეტრიან ქედს, ე. წ. დორადოს კაჟნარს ღრმა ზღვის ზონდით იკვლევდნენ.
მათი მიზანი ზღვის ფსკერიდან გამოჟონილი ცხელი ნაკადების ნიმუშების შეგროვება იყო, შესაბამისად, რვაფეხების აღმოჩენა აბსოლუტური მოულოდნელობა იყო.
„როცა ფოტოებს დავხედე, ვიყვირე — არა, შეუძლებელია, ამდენი რვაფეხა ამ სიღრმეზე ვერ იქნება!“, — იხსენებს ჩიკაგოს საველე მუზეუმის ზოოლოგი ჯენტ ვუა.
ორ სხვა მკვლევართან ერთად, ვუა 230 საათის განმავლობაში სწავლობდა რვაფეხების ვიდეოს, რათა გაერკვია, რას აკეთებდნენ ისინი ასეთ სიღრმეზე.
თითოეული ინდივიდი დაახლოებით სადილის თეფშის ზომის იყო, ვარდისფერი, უზარმაზარი თვალებით და ყველაზე დიდი ალბათობით, მიეკუთვნებოდნენ Muusoctopus-ის გვარს.
ყველა მათგანი მდედრი აღმოჩნდა, იქვე დაყრილი ჰქონდათ მრავალი კვერცხი.
მაგრამ უცნაური ისაა, რომ ამ გვარის რვაფეხები როგორც წესი, ეულად ცხოვრობენ. შესაბამისად, ასამდე ინდივიდისგან შემდგარი ჯგუფის პოვნა, მრავალ კითხვას ბადებს.
ოკეანის ფსკერიდან გამოჟონილი ცხელი ნაკადების სიახლოვეს ყოფნა, ამ რვაფეხათათვის თვითმკვლელობის ტოლფასია; როგორც წესი, მსგავსი სახეობის რვაფეხები მუდმივად ცივ გარემოს ამჯობინებენ, რადგან სითბო აფერხებს მათ მეტაბოლიზმს და ტოვებს ჟანგბდნაკლულს.
ახლოდან დათვალიერებისას გაირკვა, რომ შრომაში გართული დედა-რვაფეხები არც თუ ისე კარგად გამოიყურებიან, რადგან ემჩნეოდათ სტრესის აშკარა ნიშნები.
ცუდ მდგომარეობაშია მათი კვერცხებიც. სულ აღმოჩენილ 186 კვერცხში არ შეინიშნებოდა ემბრიონის მოძრაობის ნიშანწყალი.
ყველა დეტალის ერთად თავმოყრის შემდეგ აშკარა ხდება, რომ ეს ჯგუფი რვაფეხათა უფრო დიდი ჯგუფის უბრალოდ უიღბლო ნაწილია.
„მდედრი რვაფეხები ცხოვრების განმავლობაში კვერცხების მხოლოდ ერთ გროვას დებენ“, — ამბობს ვუა.
მკვლევართა თქმით, უჩვეულო არაფერი იქნებოდა, თუკი ბაზალტის ნაპრალებთან რამდენიმე, შემთხვევით მოხვედრილ რვაფეხას იპოვიდნენ, მაგრამ ამხელა ჯგუფის პოვნა 3000 მ სიღრმეზე აბსოლუტური მოულოდნელობაა.
Muusoctopus-ის ახალი სახეობის მოზრდილი ჯგუფის დასადასტურებლად, დამატებითი ექსპედიციაა საჭირო.
ხშირად აღნიშნავენ იმასაც, რომ ამჟამად, გაცილებით მეტი ვიცით მთვარისა და მარსის ზედაპირის შესახებ, ვიდრე დედამიწის ოკეანის ფსკერის შესახებ.
კვლევა ჟურნალ Deep Sea Research Part I: Oceanographic Research Papers-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია fieldmuseum.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით