ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო, შსს-ს სამი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს
2018 წლის ექვსი თვის განმავლობაში, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული დისციპლინური სამართალდარღვევის გამო, შსს-ს 10 თანამშრომელს დაეკისრა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, შსს აქტიურად ებრძვის ოჯახში ძალადობას, არა მხოლოდ სამინისტროს გარეთ, არამედ სისტემის შიგნითაც.
„2018 წლის ექვსი თვის განმავლობაში, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული დისციპლინური სამართალდარღვევის გამო, შსს-ს 10 თანამშრომელს დაეკისრა, რომელთაგან ოთხს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო. ხოლო ექვს თანამშრომელს, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა მათ მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნული თანამშრომლებიდან სამი თანამშრომლის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა და ეს ადამიანები დათხოვნილი არიან შსს-ს რიგებიდან”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა.