„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა 22 აპრილს დაიწყება
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა 22 აპრილს დაიწყება

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ იწყება.

საყოველთა-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის პირველი შეხვედრა 22 აპრილს ქუთაისში, 11:00 საათზე გაიმართება.

კომისია მომდევნო შეხვედრებს 23 აპრილს – ამბროლაურში, 24 აპრილს – ოზურგეთში, 25 აპრილს – ბათუმში, 26 აპრილს – ზუგდიდში, 27 აპრილს კი მესტიაში გამართავს.

პარლამენტში განმარტავენ, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში შეხვედრების გამართვის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

„კონსტიტუციური კანონის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისის შემადგენლობა ასეთია:

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;

რატი იონათამაშვილი – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

ირაკლი შატაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

დავით მათიკაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

სალომე ქურასბედიანი – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

თენგიზ შარმანაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

სოზარ სუბარი – საპარლამენტო ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე;

ფრიდონ ინჯია – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე;

შალვა კერესელიძე – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსათვის“ წევრი;

ნინო შავგულიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი.