„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრა ხვალამდე გადაიდო, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას პოზიციის დასაფიქსირებლად ერთ დღეს აძლევენ
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრა ხვალამდე გადაიდო.
მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ოპოზიციას აძლევენ ერთ დღეს, რათა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე პარლამენტს შესთავაზა, დღეს კენჭი ეყარათ მხოლოდ იმ საკითხებისთვის, რომლებსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე დაეთანხმა.
„ვენეციის კომისიის დასკვნამ გარკვეულწილად გაშიფრა გეგმა იმის შესახებ, რასთან გვაქვს საქმე, რა აწუხებდათ ამდენი ხნის განმავლობაში. მათ გვითხრეს, რომ 2017 წლის ჩანაწერიც კი უნდა ამოვშალოთ საქართველოს კონსტიტუციიდან. ეს არის ღირებულებებთან დაკავშირებით უპრინციპულესი საკითხი. ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დარწმუნებული ვარ, აინტერესებს ქართული ოპოზიციის პოზიციაც, საით დგას ღირებულებათა ამ შეფასების სისტემაში. ის, რომ ქართული ოპოზიცია დღეს საერთოდ არ ესწრება, ჩვენი შეფასებით, და შეიძლება სუბიექტურები ვიყოთ, ნიშნავს, რომ ისინი ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ. ასევე, ჩვენ კენჭსაყრელი გვაქვს სასამართლოსთან დაკავშირებული და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ამიტომ მე გთავაზობთ, საქმეც რომ არ გავაფუჭოთ, კენჭი ვუყაროთ დღეს მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებსაც განვიხილავთ დაჩქარებული წესით. სხვა საკითხებთან დაკავშირებით ხვალისთვის გადავდოთ კენჭისყრა და ქართულ ოპოზიციას შევთავაზოთ, ვთხოვოთ ყველას, თუ გნებავთ, მოვთხოვოთ, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ან კენჭისყრით, ან ზეპირად, ვერბალური ან რაიმე ფორმით, თქვან, საით არიან ისინი, რომელ მხარეს იჭერენ და ჩვენი ეჭვი რამდენად ლეგიტიმურია – აგერ გამოვთქვამთ ეჭვს, თუ გნებავთ, ვაბრალებთ, რომ ისინი არიან ლგბტ პროპაგანდის მხარეს და ბევრი რაღაც გაიშიფრა დღეს, ბევრი რაღაც გაშიშვლდა დღეს. იმ ამბავს, რაც მოჰყვა კანადურ, ფრანგულ, ამერიკულზე უფრო რბილ ვერსიებს ქართულ კანონმდებლობაში შეტანილი ახალი კანონის სახით, თურმე შემდეგ თან უნდა მოჰყოლოდა ამასთან დაკავშირებული დარტყმები ვენეციის კომისიისგან, რომელზეც ჩვენი ოპონენტები სიტყვის დაძვრას ვერ ბედავენ. ამიტომ მივცეთ ერთი დღე იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, საით არიან და იქნებ ხვალ მაინც დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპასუხოდ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე ხვალ გაიმართება კენჭისყრა და ოპოზიცია ვერ გაექცევა საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას.
„კი ბატონო, ასე წავიდეთ. ჩვენ ხვალ ორი კენჭისყრა გვექნება. ასე რომ, ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, ნამდვილად არ დავტოვებთ ისე, რომ გაექცნენ ამ პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე. ბოლოს და ბოლოს, დაინახოს მათმა ამომრჩეველმა, ვის მხარეს დგანან – საქართველოს თუ იმ ჯგუფების მხარეს, რომლის, როგორ ჩანს, იმედიც აქვთ და მათი ზურგით უნდათ, მოხვდნენ ხელისუფლებაში. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ქართველი ხალხი წყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და თუ მათ უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა, უნდა ემსახურონ ქართველ ხალხს და არცერთ სხვა ხალხებს თუ პოლიტიკურ ჯგუფებს და ქვეყნებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.